Accentnews.ge
მინისტრი: ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში შემდეგ ეტაპზე გადასული კომპანიებიდან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულია, მეორე – ჩინურ–სინგაპურული

მინისტრი: ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში შემდეგ ეტაპზე გადასული კომპანიებიდან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულია, მეორე – ჩინურ–სინგაპურული

22/09/2023 09:17:26 პოლიტიკა, ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა შემდეგ ეტაპზე. მათგან ერთი მინისტრის თქმით, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულია, მეორე – ჩინურ–სინგაპურული კონსორციუმი.

“საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ 4 განაცხადი, 4 პრეტენდენტისგან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისა და სწორი შედეგის მიღებისთვის, 2-მა ჯგუფმა დააკმაყოფილა. ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე და მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან და შესაბამისად, ისინი შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია წინადადებების წარმოდგენის ეტაპი, ვერ გადავიდნენ და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომელთაგან შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათი მხრიდან წინადადებები და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზეა დამოკიდებული, ამ წინადადებების ხარისხზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი",– თქვა მინისტრმა პარლამენტში.

მინისტრმა კომპანიები "კონფიდენციალურობის შეთანხმებიდან გამომდინარე" არ დაასახელა.

მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობა რუსულ კომპანიას არ მიუღია:

"იმისთვის, რომ რუსული ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებზე, ჩვენ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ და ეს პორტი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს, აქედან გამომდინარეა ის კონფიგურაცია, რომ სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი და სახელმწიფოს ექნება კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისა, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკული, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით და სახელმწიფოს უფლებების გარეშე ძალიან უპასუხისმგებლო კონცესიების შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. სწორედ ეს იყო ჩვენი ამოსავალი, როდესაც ჩვენ ამ კონფიგურაციით დავიწყეთ ანაკლიის პორტის განვითარება“.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა განახლებულია და პირველი ფაზით, ბიუჯეტი 589 მილიონი ლარია.

დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის გრძელვადიანი პერსპექტივაა, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაციაზეა დამოკიდებული.

“რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი საჭიროა, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. მნიშვნელოვანია კოორდინაცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. ფოთისა და ბათუმის პორტები ე.წ. შუა დერეფანს ემსახურებიან, რომელიც საქართველოს ევროპასთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან აკავშირებს, ამას უნდა ემსახურებოდეს ანაკლიის პორტიც. მნიშვნელოვანია, დერეფნის გამტარუნარიანობა და შესაძლებლობები გავითვალისწინოთ.

ვავითარებთ პორტს, ვავითარებთ პასუხისმგებლობით და ეს იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, იმ დროის, როდესაც საქართველოს შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდება და დერეფანში ტვირთი კიდევ უფრო მეტი გვექნება. რაც შეეხება უშუალო ვადებს, ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, რომ მშენებლობის დაწყებიდან 3 წელი დასჭირდება პორტს, რომ პირველი ფაზა დასრულდეს. მშენებლის შერჩევიდან 9 თვის განმავლობაში, ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულდება და მშენებელი კომპანია იურიდიულად იქნება მზად, რომ სამუშაოები დაიწყოს”, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S