რუსეთი ყირიმზე და ტუაფსეზე დრონებით შეტევის თაობაზე იუწყება
22/09/2023 06:25:57 მსოფლიო
რუსეთი ყირიმზე და ტუაფსეზე დრონებით შეტევის თაობაზე იუწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, "საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ყირიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან და კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეს რაიონში".
ტუაფსეს ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ დრონის ჩამოგდებას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ტუაფსეს პორტის აკვატორიაში გემების მიმოსვლა აიკრძალება. მიზეზად დასახელებულია ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის წვრთნები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ანექსირებულ ყირიმზე და რუსეთის ქალაქ ტუაფსეზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.


