უკრაინა ამერიკისგან კიდევ $325 მილიონის სამხედრო დახმარებას მიიღებს
22/09/2023 06:23:17 მსოფლიო
უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან კიდევ 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება 21 სექტემბერს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.
პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს რაკეტებს AIM-9M საჰაერო თავდაცვისთვის, დამატებით საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის HIMARS, საჰაერო თავდაცვის სისტემებს Avenger, უპილოტო საფრენ აპარატებთან მებრძოლ ტყვიამფრქვევებს, 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin და AT-4, 3 მილიონზე მეტ ტყვიას ცეცხლსასროლი იარაღისთვის და სხვა საბრძოლო მასალას და ტექნიკას.
21 სექტემბერს თეთრ სახლში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა მომავალ კვირაში მიიღებს ამერიკული ტანკების M1 Abrams-ის პირველ პარტიას.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 43,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.


