ზელენსკი: უკრაინა და აშშ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ
22/09/2023 06:20:36 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი უწოდა ვაშინგტონში ვიზიტს.
22 სექტემბერს უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ახალი სამხედრო პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, ჭურვებს და საინჟინრო საშუალებებს.
ზელენსკის ინფორმაციით, არის გრძელვადიანი შეთანხმებაც - იმუშავებენ, რათა უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. მან ამ შეთანხმებას „ისტორიული“ და „ერთიანობის ახალი დონე“ უწოდა.
როგორც ზელენსკიმ თქვა, უკრაინას შეუძლია, აწარმოოს საჰაერო თავდაცვის სისტემები.
მისი თქმით, უკრაინა ემზადება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ახალი თავდაცვითი ეკოსისტემის შესაქმნელად, რათა ერთობლივად გააძლიერონ თავისუფლება და სიცოცხლის დაცვა. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამას გლობალური დადებითი შედეგები მოჰყვება.
ზელენსკი 21 სექტემბერს ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დემოკრატ და რესპუბლიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს.
ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტისას ოფიციალურად გამოცხადდა, რომ უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას.


