ბულგარეთი სოფიაში მდებარე რუსული ეკლესიის წინამძღვარს ქვეყნიდან აძევებს
21/09/2023 16:11:37 მსოფლიო
ბულგარეთმა სოფიაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, არქიმანდრიტი ვასიანის ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, – იუწყება ბულგარეთში რუსეთის საელჩო.
"ბულგარეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მამა ვასიანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადეს რუსმა დიპლომატებმა.
ბულგარეთში რუსეთის ელჩის, ელეონორა მიტროფანოვას განცხადებით, დღეს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრები სამიგრაციო სამსახურში დაიბარეს, სადაც განუცხადეს, რომ ისინი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და დღესვე უნდა დატოვონ ბულგარეთის ტერიტორია.
"სოფიაში მდებარე რუსულ ეკლესიას ბევრი მრევლი ჰყავდა და ასეთი მოვლენა - უფსკრულში ჩავარდნაა. შეიძლება ითქვას, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ ჩვენ ეკლესიას სახეში შეაფურთხა, მით უმეტეს ღვთისმშობლის შობის დღეს", - აღნიშნა მიტროფანოვამ.


