ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გიტანას ნაუსედამ და ანჯეი დუდამ პრობლემური საკითხები განიხილეს
21/09/2023 13:15:30 მსოფლიო
უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტებს - ვოლოდიმირ ზელენსკის, გიტანას ნაუსედასა და ანჯეი დუდას შორის ნიუ-იორკში შეხვედრა გაიმართა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის მარცვლეულის ექსპორტის გამო წარმოქმნილი უთანხმოება განიხილეს, ასევე ისაუბრეს პოლონეთის პრემიერ–მინისტრის განცხადებაზე, რომ ქვეყანა წყვეტს კიევისთვის საკუთარი იარაღის მიწოდებას.
გიტანას ნაუსედამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს და რომ ეს დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.
„საერთო, მთავარი მიზნისთვის - ევროპის დაცვა რუსეთის აგრესიული პოლიტიკისგან - უკრაინასა და პოლონეთს შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. პოლონეთის ადგილი უკრაინის მხარდაჭერაში უნიკალურია. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან კრიზისის შემდგომი გაღრმავება უპასუხისმგებლო იქნება“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტის თქმით, აქ საუბარია არა ცალკეული ქვეყნების, არამედ მთელი რეგიონის და კონტინენტის უსაფრთხოებაზეც კი.
„როგორც ისტორია გვიჩვენებს, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და დახმარებით შეგვიძლია დავუპირისპირდეთ გარე საფრთხეებს“, - დასძინა ნაუსედამ.


