საბერძნეთი საჯარო მოხელეების მასობრივმა პროტესტმა მოიცვა
21/09/2023 09:55:57 მსოფლიო
საბერძნეთი საჯარო მოხელეების მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. გაიფიცნენ, მათ შორის, სატრანსპორტო, ჯანდაცვის, განათლების სექტორში დასაქმებული ადამიანები.
საჯარო მოხელეთა კონფედერაციის (ADEDY) აღმასრულებელმა კომიტეტმა ხუთშაბათს, 21 სექტემბერს გამოაცხადა 24-საათიანი ეროვნული გაფიცვა და გამოხატა თავისი წინააღმდეგობა შრომის სამინისტროს ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ADEDY კანონპროექტის გაუქმებას ითხოვს და მოუწოდებს დასაქმებულ პირებს, მონაწილეობა მიიღონ აქციებში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.
გაფიცვას მხარს უჭერენ სხვა მსხვილი პროფკავშირები: საშუალო სკოლის მასწავლებელთა ფედერაცია (OLME), საზღვაო კავშირი (PENEN) და საზოგადოებრივი საავადმყოფოების მუშაკთა ფედერაცია, რომლებიც თვლიან, რომ ახალი კანონმდებლობა ძირს უთხრის მშრომელთა უფლებებს და აუარესებს სამუშაო პირობებს.


