უკრაინის საჰაერო ძალები: რუსების მიერ გამოყენებული 43 რაკეტიდან 36 გავანადგურეთ
21/09/2023 08:02:54 მსოფლიო
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევისთვისსტრატეგიული ავიაციის 10 თვითმფრინავი Т-95МС და 43 ფრთოსანი რაკეტა(Х-101/Х-555/Х-55) გამოიყენეს . ეს მონაცემები დღეს დილით გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ.
მისი ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო სივრცეში სხვადასხვა მიმართულებიდან შევიდნენ, კურსს მუდმივად იცვლიდნენ და სარაკეტო დარტყმა რამდენიმე ტალღად განახორციელეს.
სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 36 რუსული რაკეტა გაანადგურეს.
უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ სარაკეტო შეტევას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა დედაქალაქ კიევსა და კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, ლვოვის და როვნოს ოლქებში. დაშავდა 20-მდე ადამიანი.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით დილის 5 საათისთვის გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების Ту-95МС ტიპის თვითმფრინავებიდან მოსალოდნელია ფრთოსანი რაკეტებით შეტევა და მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. უკრაინის ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის 7 საათისთვის შეწყდა.
სარაკეტო შეტევის გარდა, გასულ ღამით და დღეს დილით, რუსმა სამხედროებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს ქალაქ ხერსონზე. დარტყმა იყო საერთო საცხოვრებლის შენობასა და მრავალბინიან კორპუსზე. დაიღუპა 3 ადამიანი.


