
ომბუდსმენი სავარაუდოდ ფარცხალაძის დაცვის წევრების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე მყისიერ რეაგირებას მოითხოვს
20/09/2023 19:35:16 საზოგადოება
სახალხო დამცველი ტელეკომპანიების „პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმას განცხადებით ეხმაურება და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება, ასევე სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ტელეკომპანიების „პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმას და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მოხდეს მყისიერი რეაგირება და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა არ გახდეს წახალისებული.
საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარ ფაქტს“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
„ფორმულას“ ცნობით, ყოფილი მთავარი პროკურორის, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა არხის გადამღებ ჯგუფს. ანალოგიურის შესახებ იუწყება "ტვ პირველი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.