უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტზე წარმატებული იერიშის შესახებ იუწყება
20/09/2023 18:50:41 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად გამოაცხადეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტზე დარტყმის განხორციელება სევასტოპოლთან.
შესაბამისი ცნობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
„20 სექტემბერს, დილით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული დარტყმა მიაყენეს შავი ზღვის საოკუპაციო ფლოტის სამეთაურო პუნქტს სოფელ ვერხნესადოვოსთან, დროებით ოკუპირებული სევასტოპოლიდან არც თუ ისე შორს“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
20 სექტემბერს სევასტოპოლისა და ყირიმის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ ჩერნომორსკოეს მცხოვრებლებმა განაცხადეს ძლიერი აფეთქებების სერიის შესახებ. რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი სევასტოპოლის ხელმძღვანელმა მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ „ვერხნესადოვსა და კაჩში საჰაერო თავდაცვის სისტემები" ამუშავდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ „მოგერიებულია სარაკეტო შეტევა“ ქალაქზე.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა, აფეთქებების შესახებ ცნობების კომენტირებისას თქვა, რომ „გეგმური მუშაობა გრძელდება“ ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებულ სამხედრო ობიექტებთან მიმართებით.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ, ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ხშირად ისმის აფეთქებების ხმები.


