იუსტიციამ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე დასკვნა პრეზიდენტს გადაუგზავნა
20/09/2023 16:00:06 პოლიტიკა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა,– იუწყება იუსტიციის სამინისტრო.
უწყების ცნობით, შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.
მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი მიმართვას დღესვე დადებითად დააკმაყოფილებს, რადგან მან მსგავსი განზრახვის შესახებ წინმსწრებად გააჟღერა, როდესაც იუსტიციის სამინისტროსგან ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა მოითხოვა.
მას შემდეგ, რაც სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება, მასზე აღარ გავრცელდება ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული პერიოდის, შესაძლოა, წლობითაც, სანქცირების მიუხედავად, აქტივებზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა.
გადაწყვეტილებას მღელვარება მოჰყვა: ფიზიკური დაპირისპირება იყო პარლამენტში, აქცია მიმდინარეობს ეროვნულ ბანკთან – მოითხოვენ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადადგომას და ბრძანების გაუქმებას, რადგან ის საქციების გვერდის ავლის მექანიზმს ქმნის, ეროვნული ბანკის მმართველი რგოლი დატოვა ოთხმა პირმა – სამმა ვიცე–პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა.
იხილეთ ასევე: ფარცხალაძის სადარაჯოზე: შესაძლო ფასი


