
პრეზიდენტი: მინდა, მივესალმო საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რომელიც ნამდვილად არის ის, რაც დღეს ჭირდება ამ ქვეყანას
20/09/2023 13:40:12 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიცია ჭირდება ამ ქვეყანას"
"არავის აქვს უფლება, ვიწრო ინტერესების გამო, პერსონალური, თუ არაპერსონალური, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების გამო, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები. ამავე დროს, მინდა, მივესალმო კერძო სექტორის, საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რომელიც ნამდვილად არის ის, რაც დღეს ჭირდება ამ ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ დღეს ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დაკავებული თანამდებობები დატოვეს.
დღესვე კომერციულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ იცავდნენ და კვლავაც დაიცავენ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო სანქციებით დაწესებულ რეგულაციებს.