Accentnews.ge
პრეზიდენტი 2021-2022 წლებში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას წარდგენის გამო ბოდიშს იხდის: ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას

პრეზიდენტი 2021-2022 წლებში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას წარდგენის გამო ბოდიშს იხდის: ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას

20/09/2023 13:11:25 პოლიტიკა, ეკონომიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2021-2022 წლებში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას წარდგენის გამო ბოდიშს იხდის. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პირადად ჩემს მიერ წარდგენილი კანდიდატისთვის, ქალბატონი ნათია თურნავასთვის უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს პირად გადაწყვეტილებას და თუნდაც ბოდიშს ვიხდი ამ ყველაფრისთვის, მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო. მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები.

პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს. დროა ასევე რომ საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია, საბჭოს გადაწყვეტილებით, კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელია და აუცილებელია რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს შესაძლებელია, მიუხედავად სამივე ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის, რადგან მათ გააჩნიათ კიდევ ორი თვის მანძილზე ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის ორი თვის შემდეგ, საბჭო სრულიად ფუნქციონირებს და შეუძლია მიიღოს ყველანაირი გადაწყვეტილება. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას",– განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ დღეს ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დაკავებული თანამდებობები დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S