პრეზიდენტი: ნათია თურნავამ ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და იგი თანამდებობიდან უნდა გადადგეს
20/09/2023 13:09:12 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას თანამდებოის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს. დროა ასევე რომ საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია, საბჭოს გადაწყვეტილებით, კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელია და აუცილებელია რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს შესაძლებელია, მიუხედავად სამივე ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის, რადგან მათ გააჩნიათ კიდევ ორი თვის მანძილზე ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის ორი თვის შემდეგ, საბჭო სრულიად ფუნქციონირებს და შეუძლია მიიღოს ყველანაირი გადაწყვეტილება. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას", განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ დღეს ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დაკავებული თანამდებობები დატოვეს.


