
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ტოვებს
20/09/2023 12:56:09 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია Bm.ge-ის თავად გიორგი ბაქრაძემ დაუდასტურა.
Bm.ge-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ გუშინ გამოცემული ბრძანებაა.
მანამდე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ თანამდებობები დატოვეს.
ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. ცვლილებების თანახმად, "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".
ამავე თემაზე: სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.