
მთიანმა ყარაბაღმა ცეცხლის შეწყვეტისა და განიარაღების გადაწყვეტილება მიიღო
20/09/2023 09:25:25 კავკასია
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მიიღო რუსი სამშვიდობოების წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ნათქვამია არაღიარებული რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.
„ორდღიანი ჯიუტი ბრძოლების განმავლობაში, არცახის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გმირულად იცავდნენ თავს ცოცხალი ძალითა და სამხედრო ტექნიკით რამდენჯერმე აღმატებული მტრისგან და ზარალი მიაყენეს მას. სამწუხაროდ, დანაკარგები განიცადა არცახურმა მხარემ, ზოგიერთ რაიონში კი მოწინააღმდეგემ მოახერხა თავდაცვის ძალების საბრძოლო პოზიციების გარღვევა და რიგ სიმაღლეებზე და სტრატეგიულ საგზაო კვანძებზე კონტროლის დამყარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით, "ყარაბაღის ხელისუფლება იღებს რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, – იუწყება BBC-ის რუსული სამსახური.
საომარი მოქმედებები, რუსულ მხარესთან შეთანხმებით, 20 სექტემბერს 13:00 საათზე უნდა შეწყდეს.
განცხადებაში ასევე საუბარია ყარაბაღის არმიის სრულ განიარაღებაზე და არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკის გაყვანაზე.
აზერბაიჯანულ მხარესთან „რეინტეგრაციის“ და მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილება 21 სექტემბერს ქალაქ ევლახში გამართულ შეხვედრაზე.