მოსკოვი: თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საბორნე მიმოსვლა ამოქმედდება
20/09/2023 09:04:33 პოლიტიკა
თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საბორნე მიმოსვლა ამოქმედდება, - განუცხადა რუსული მედიის წარმომადგენლებს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიც-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ ამ რუსულ უწყებასთან მოქმედი "რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს" მორიგი სხდომის შედეგებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ბორანი 300 სამგზავრო ადგილზე და 150 ავტომობილზე იქნება გათვლილი.
"ვისაუბრეთ სამ ქვეყანას შორის საზღვაო მიმოსვლის საკითხზე, საბორნე მიმოსვლაზე. ამ ეტაპზე იწყება 150 ავტომობილსა და 300 სამგზავრო ადგილზე გათვლილი ბორნით მიმოსვლა, რომელიც პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებს. ეს საქართველოსთან ლოჯისტიკის პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ ერთგვარი დამატებითი მომენტია" - განაცხადა პადალკომ.
მისივე თქმით, "საბჭოს" სხდმაზე საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხიც განიხილებოდა.
"თუ სარკინიგზო კავშირის აღდგენას შევძლებთ, როგორ გაივლის იგი - ინგუშეთის მიერ შემოთავაზებული ახალი მარშრუტებით? თუ აფხაზეთის გავლით ძველი მარშრუტის რეანიმირებას მოვახდენთ, რაც გარღვევა იქნებოდა?", - განაცხადა რუსული უწყების ვიცე-პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, პადალკოს ინფორმაციით, სხდომაზე შემუშავდა ავიაგადამზიდებისადმი მიმართვა თხოვნით, რუსეთიდან საქართველოსკენ და უკან ფრენის ბილეთები გააიაფონ.
ცნობისთვის: ქართული მხრიდან რუსეთთან საბორნე მიმოსვლის საკითხზე პოზიცია გასული წლის ზაფხულში დაფიქსირდა. რატომ იწყება საბორნე მიმოსვლა სანქცირებულ ოკუპანტ სახელმწიფოსთან - მაშინ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განმარტა.
“საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სატვირთო ნაკადების მართვა მნიშვნელოვანწილად გართულებულია.სომხეთ-რუსეთს შორის “ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას.ხსენებული პრობლემატიკიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს.სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას.ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის – “იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით”, – ნათქვამი იყო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.


