
"თიბისი ბანკი": ვიყავით და ვრჩებით სანქციების შესაბამისობაში
20/09/2023 07:25:10 ეკონომიკა
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდ კომერციულ ბანკში - "თიბისიში" - ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, არ აპირებენ, რაიმე გამონაკლისი დაუშვან იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება. ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს.
"აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში", - აცხადებენ "თიბისი ბანკში".
"საქართველოს ბანკში" "თიბისი ბანკის" მსგავსად, აცხადებენ, რომ იცავენ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული სანქციების მოთხოვნებს.
ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. ცვლილებების თანახმად, "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".
ამავე თემაზე: სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.