გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას
19/09/2023 16:24:53 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებს. ბოლო დღეებში ევროკავშირის, აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით დეესკალაციის შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებები იმართებოდა. ბაქოს დაპირება, თავი შეიკავოს სამხედრო მოქმედებებისგან, დარღვეულია“, – წერს ბერბოკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: აზერბაიჯანულმა ძალებმა დღეს ყარაბაღში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. ბაქო არაღიარებული რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და დე ფაქტო მთავრობის დაშლას მოითხოვს.
თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.


