აბაშიძე – ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის გავლით გზის გახსნის საკითხზე: მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

19-09-2023 18:44:57 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ვლადიკავკაზში გამართულ რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაზე ოკუპირებული ცხინვალის გავლით გზის გახსნის საკითხი განიხილეს.

"არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. არ ვიცი, ეგ რუსულ მედიას უნდა ჰკითხოთ. არაფერს არ ვადასტურებ, არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ვერაფერს ვერ დავადასტურებ", - ამბობს აბაშიძე "მთავარ არხთან" საუბრისას.

"რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭო" ამჯერად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გავლით გზის გახსნის ინიციატივით გამოდის. ამ ინიციატივამ "საბჭოს" ვლადიკავკაზში მიმდინარე სხდომაზე გაიჟღერა", - იუწყება "რუსეთის ქართული დიასპორის" ტელეგრამ-არხი.

მანამდე "საბჭოს" დელეგაციამ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმირ პადალკოს, "საბჭოს" თავმჯდომარის იური ბალაშოვისა და რუსეთის ქართული დიასპორის ლიდერ დავით ცეცხლაძის შემადგენლობით რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოინახულა.

ჩრდილოეთ ოსეთში გამგზავრებამდე კი ცეცხლაძე "ფეისბუქში" წერდა, რომ ეს ვიზიტი "რუსეთისა და საქართველოსთვის, რუსი და ქართველი ხალხებისთვის ისტორიულ შედეგებს მოიტანს".

ცნობისთვის: მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა, რომ მოსკოვი "სრულიად მიღწევადად" თვლის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გავლით როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყებას.

ზემო ლარსის გზა ერთადეთი მოქმედი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებთ.ალტერნატიული სარანზიტო მარშრუტების გახსნის წინადადება წლების განმავლობაში პერიოდულად ჟღერდა ერევნიდან, სოხუმიდან და მოსკოვიდან.

შეგახსენებთ, რომ სწორედ "რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს" ინიციატივას წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები