გოცირიძე: სარწმუნო ინფორმაცია გვაქვს, რომ ფარცხალაძემ „ქართუ ბანკში“ მოასწრო ფულის გადატანა

19-09-2023 16:12:30 პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აშშ–ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ ერთ-ერთი ქართული ბანკიდან „ქართუ ბანკში“ "მოასწრო ფულის გადატანა, ოღონდ ლარებში".

ეს საკითხი ეხმიანება საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ყოფილ გენერალურ პროკურორს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, მან უკვე მიმართა სებ-ს წერილობით, დააკონკრეტოს, რომელ საათზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოთარ ფარცხალაძეს საკუთარ ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდოს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს დეტალები გამოძიებას უნდა დაექვემდებაროს.

ის შიშობს, რომ ფარცხალაძისთვის "ხელის დაფარება" ქვეყანას აყენებს რისკის ქვეშ.

გოცირიძე ასევე ეროვნული ბანკის მიერ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვის თაობაზე „ქართული ოცნების“ შეფასებებს გამოეხმაურა, რომელთაც ნაბიჯს არაკონსტიტუციური უწოდეს.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საუბარი იმაზე რომ ეროვნული ბანკის არასწორად და არაკონსტიტუციურად მოიქცა, ფაქტობრივად, ქვეყნის ფინანსური სისტემის ჩამოშლის რისკის ტოლფასია: იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მოხდებოდა ის, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მთელი მსოფლიოსგან იქნებოდა იზოლირებული:

„რომელი უდანაშაულობის პრეზუმფციაზე ვსაუბრობთ? ანგარიშების შეწყვეტა, ანგარიშსწორება ნიშნავს იმას, რომ ჩამოიშლებოდა ქართული ბიზნესი. ვერც ერთი მეწარმე უცხოეთში ფულს ვერ გადარიცხავდა. 1 მილიონი ჩვენი მოქალაქე, რომელიც უცხოეთში მუშაობს, ფულს ვერ გადმორიცხავდა საქართველოში. სხვათა შორის, ჩამოიშლებოდა ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკიც“, ივანიშვილის პარტნიორის კომპანია „იმედის“ მესაკუთრის, რუხაძის „ლიბერთი ბანკი“. „ლიბერთი ბანკში“ ჩვენ 1 მილიონ პენსიონერს აქვს ანგარიში გახსნილი და შეუჩერდებოდა საპენსიო ანგარიში. აპოკალიფსია, რასაც მე გეუბნებით, მაგრამ ეს მოხდებოდა! თქვენ ეს ვერ გააცნობიერეთ გუშინ. სხვათა შორის, პირველი, ვინც დაგტუქსავდათ ამ ტიპის განცხადებებისთვის, თავად ბიძინა ივანიშვილია. მან ძალიან კარგად იცის თავისი ფულის ფასი. ეროვნულ ბანკს რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, „ქართუც“ იქნებოდა სანქციის ქვეშ. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია, გაწიროს და ანგარიშები გაუყინოს თავის აგენტს, ფარცხალაძეს, ვიდრე მთლიანად ჩამოეშალოს თავის ფინანსური სისტემა. დარწმუნებული ვარ, არასდროს ახსენებთ ეროვნული ბანკის ქმედებას, ვინაიდან ეს განცხადება, ალბათ გაკეთდა სანამ ბიძინა ივანიშვილს ეძინა და მისგან მითითება არ გქონდათ მიღებული“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები