19-09-2023 16:01:18 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის აშშ–ის მიერ სანქცირებას და იხსენებს, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი საქართველოს ყველა ხელისუფლებისგან ითხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მისთვის სასურველი კადრები შეერჩიათ.
„ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, “ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა. მინდა ვკითხო ტელევიზიით გამოსულ პოლიტიკოსებს - თუნდაც ეს ფაქტი არ არის ამ ე.წ საქმეების უკანონობის დასამტკიცებლად საკმარისი და რომ ისინი არიან ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციის ნაწილი?
ასევე, საქართველოს ყველა ხელისუფლებას პუტინი სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც ჩემგან უარი მიიღო“, - წერს სააკაშვილი.
აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.