Accentnews.ge
"ვერ ვაიძულე, დაეტოვებინათ ყირიმი" - ერდოღანმა პუტინთან მოლაპარაკებები გაიხსენა

"ვერ ვაიძულე, დაეტოვებინათ ყირიმი" - ერდოღანმა პუტინთან მოლაპარაკებები გაიხსენა

19/09/2023 11:47:00 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის შეუძლებელია რუსეთის იძულება, დატოვოს ყირიმი. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში ისაუბრა და პუტინთან 2014 წლის მოლაპარაკებები გაიხსენა.

„ჯერ კიდევ 2014 წელს მქონდა გარკვეული დისკუსიები და მოლაპარაკებები პრეზიდენტ პუტინთან ყირიმთან დაკავშირებით. და ჩემი მსჯელობა წარმატებით არ დაგვირგვინდა. ვერ ვაიძულე ისინი, დაეტოვებინათ ყირიმი. ვფიქრობ, რომ ეს ამჟამადაც შეუძლებელია. ვფიქრობ, დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა ერდოღანმა.

კითხვაზე, მისი აზრით, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, ერდოღანმა უპასუხა, რომ „არ აქვს ომის გაგრძელებისა და დასრულების კალენდარი“.

ივლისში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, თურქეთის ლიდერმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.

„2014 წლიდან, როდესაც ყირიმი საერთაშორისო სამართლის დარღვევით იქნა ანექსირებული, ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ ყველა პლატფორმაზე“, - განაცხადა მაშინ ერდოღანმა.

4 სექტემბერს ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების განახლების შესაძლებლობა განიხილეს. ამასთან, ყირიმი ლიდერების საბოლოო განცხადებებში არ დაფიქსირებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S