აზერბაიჯანი თბილისი-ბაქოს რეისის წინააღმდეგ რადიოსიხშირული ჩარევის შესახებ იუწყება

19-09-2023 11:31:25 კავკასია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტური სანავიგაციო სისტემების მიმართ რადიოსიხშირული ჩარევა გამოიყენეს".

აღნიშნულში აზერბაიჯანის თავდაცვა "სომხურ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს" სდებს ბრალს.

უწყების ცნობით, შემთხვევა 18 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 20:28-20:34 საათზე მოხდა.

"რადიოსიხშირული ჩარევის გამოყენების შედეგად, აზერბაიჯანის ავიახაზების E-190 სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტურ სანავიგაციო სისტემაში, რომელიც თბილისი-ბაქოს რეისს ასრულებდა, გაუმართაობა მოხდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, ამ მარშრუტზე რეისის განხორციელებისას თვითმფრინავები ყარაბაღის თავზე არ დაფრინავენ.

„მსგავსი ცრუ განცხადებების სისტემატური გავრცელებით აზერბაიჯანი ცდილობს გადაიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფისგან და მოამზადოს საინფორმაციო ბაზა მორიგი პროვოკაციისთვის“, - ნათქვამია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები