კარპენტერი ფარცხალაძის შესახებ: „ეს შეიძლება, განსაკუთრებით ბოროტი გავლენა იყოს"

19-09-2023 09:23:38 პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი ეუთო-ში, მაიკლ კარპენტერი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება მნიშვნელოვანი შემთხვევაა. იგი მიიჩნევს, რომ „ქვეყნები ფხიზლად უნდა იყვნენ შესაძლო უცხოური გავლენის მიმართ".

"მნიშვნელოვანი შემთხვევაა - აშშ ასანქცირებს კორუმპირებულ თანამდებობის პირებს, რომლებიც შესაძლოა იყვნენ მავნე უცხოური გავლენის აგენტები, ამ შემთხვევაში რუსეთის გავლენისა. თუმცა, აგრეთვე ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს კონკრეტული პირი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, გენერალური პროკურორი იყო, თუ არ მეშლება, დაახლოებით ათი წლის წინ. ასე რომ, ეს ახლახან არ ყოფილა და ის სამთავრობო თანამდებობას იკავებდა გარკვეული ხნის წინ. და მაინც, ეს არის სასარგებლო შეხსენება იმისა, რომ ქვეყნები ფხიზლად უნდა იყვნენ შესაძლო უცხოური გავლენის მიმართ. ვფიქრობ, როცა საქმე ეხება საქართველოს, ეს საკითხი კვლავინდებურად რჩება პრობლემად, რომელიც უნდა აღელვებდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქესაც, ვინც უცხოეთის მავნე გავლენას განიცდის. ეს შეიძლება განსაკუთრებით ბოროტი გავლენა იყოს, როცა პოლიტიკაში ამ დონეზე ჩარევას ეხება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ხომ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელია", - განაცხადა მან "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.

ცნობისთვის: აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც, უწყების ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები