პრეზიდენტი: არ შეიძლება, ჩვენი მომავალი იყოს რუსეთი!

18-09-2023 22:26:41 პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მან სიტყვით მიმართვისას ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების როლსა და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება გადამწყვეტი იქნება.

"რეალურად ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში შევდივართ, სადაც თქვენი როლი, და მე თქვენ მოგმართავთ როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს, მნიშვნელოვანია. [...]

მე ჩემ თავს ვთვლი ხალხის, მოსახლეობის, საზოგადოების წარმომადგენლად, და სწორედ თქვენ მოგმართავთ რადგან, თქვენ ხართ ამ საზოგადოების აქტიური ნაწილი და გაქვთ საშუალება, რომ თქვენი ხმა მიაწვდინოთ საზოგადოებას. და დღეს, როცა ჩვენ ერთგვარად, ევროპის კარებთან ვართ მისული, ყველამ ვიცით, რამდენად გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის მომენტი სტატუსის მონიჭების და არ ვიტყვი: - ან არ მოგვენიჭება - ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი! მაგრამ ცხოვრებაში თავისით არაფერი მოდის და ეს მთავარი გზა არის ის, რაც დღეს ჩვენი, თქვენი, ერთად გასავლელი გზაა",– თქვა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ნებისმიერი ნაბიჯი: ყველა თავისი საშუალებებით, ეს იქნება კულტურა, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართლებრივი, თუ ანალიტიკური სფერო - ყველას თავისი როლი აქვს და ეს ერთი ადამიანის გასაკეთებელი საქმე არ არის:

"მე ვიქნები თქვენთან, მე ვიქნები იქ, სადაც შემიძლია და ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს. მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, ვიქნები პოლონეთში, ბელგიაში ,,ევროპალიაზე“, როგორც ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანა. მაგრამ ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც მას შეუძლია. ცხადია, ყველაზე დიდი როლი შეიძლება, მედიას აქვს, რომ მან არ მისცეს საშუალება არავის, სხვადასხვა საკითხებით გადაიფაროს ის, რაც მთავარია და მთავარია ის, რომ ჩვენ, ყველას: ქვეყანასა და საზოგადოებას ევროპული მომავალი უნდა, სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს და სხვა მომავალი, და ამას მინდა დღეს ხაზი გავუსვა, არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი! საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს!".

მისი თქმით, ევროპული სტატუსისთვის ყველაფერი გასაკეთებელია და ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია, არის და ჩვენი კულტურული ნაწილი და ამ კუთხით, ევროპაში ჩვენი გზავნილებია, "რადგან ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურად გვინდა ევროპაში, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, ვიყავით და ვიქნებით":

"ესაა ის, რაც ,,ევროპალიაში“ ჩვენი მონაწილეობის მთავარი გზავნილი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ამ საკითხზე აქ დიდად არავინ საუბრობს, რაღაც მიჩქმალულია ეს თემა, როცა ეს ევროპაში ჩვენი კულტურული შესვლის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მე მინდა,, მოვუწოდო ,,ევროპალიის“ ყველა მონაწილეს და ამას გავაკეთებთ კიდევ სხვა ფორმით, რომ გვქონდეს ეს განაცხადი, რომელიც ჩემი აზრით, ამ ,,ევროპალიის“ ღონისძიებების სათაური უნდა ყოფილიყო, რომ ,,საქართველო ევროპაა“ - ეს იყოს ჰაშთაგი, რომელიც გააერთიანებს ყველა ჩვენ მონაწილეს, რომლებიც იქ ჩადიან და ამ ექვსი თვის მანძილზე ევროპული საქართველოს წარმომადგენლები იქნებიან. ეს ძალიან დიდი როლია და წინასწარ ძალიან დიდი მადლობა მათ".

პრეზიდენტის თქმით, არავინ უნდა შეგვაშინოს, არავინ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია.

"ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას ვერავინ დაგვაკარგვინებს, ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება!".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები