ლატვიამ 4 000–მდე რუსის დეპორტაცია დააანონსა
18/09/2023 17:47:34 მსოფლიო
რუსეთის ლატვიაში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს ენის გამოცდა ან არ განაცხადეს მონაწილეობის შესახებ, მომავალი კვირიდან დაიწყებენ შეტყობინებების მიღებას სამი თვის განმავლობაში ლატვიის დატოვების აუცილებლობის შესახებ.
ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა ოფისის (OCMA) წარმომადგენლის მაირა როუზის თქმით, რომელსაც Delfi ციტირებს, ასეთი პირების საერთო რაოდენობა დაახლოებით 3600–ია. ქვეყნიდან გასასვლელად მათ ეძლევათ 90 დღიანი ვადა.
როუზმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმედი ჰქონდა და დარწმუნებულები იყვნენ, რომ აჩქარება არ სჭირდებოდათ.
„მათ უთხრეს: "მშვიდად ისხედით, ყველაფერი გამოვა". მათ, რა თქმა უნდა, წააგეს, კარგავენ ბინადრობის ნებართვას. ეს ადამიანები შეძლებენ, სცადონ ნებართვის აღება პრივოლეგიების გარეშე - როგორც რუსეთის მოქალაქეებმა და არა ლატვიის დიდი ხნის მაცხოვრებლებმა“, - დასძინა როუზმა.
სექტემბრის დასაწყისი იყო ბოლო ვადა რუსეთის ლატვიაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, დაემტკიცებინათ ლატვიური ენის ცოდნა. ამ კვირაში ლატვიის სეიმმა გადაწყვიტა, ვადა გაუხანგრძლივოს და ორწლიანი გარდამავალი პერიოდი გამოყო მათთვის, ვინც ენის გამოცდის ჩაბარებას ცდილობს.
რუსეთის 25 000 მოქალაქიდან, რომლებსაც ეხებათ ახალი წესები, 14 000-მა უკვე მიმართა შესაბამის უწყებას ლატვიაში მუდმივი რეზიდენტის სტატუსის მისაღებად. კიდევ 1000-მა მიმართა დროებითი ბინადრობის ნებართვისთვის, რადგან არ იცოდნენ გამოცდების ვადის გახანგრძლივების თაობაზე. გამოცდის ხელმეორედ ჩასაბარებლად განაცხადი 6700-მა ადამიანმა გააკეთა.
მანამდე ლატვიის სეიმმა დაამტკიცა ცვლილებები საიმიგრაციო კანონში, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ვერ ჩააბარეს ენის გამოცდა, ორწლიან გადავადებას ითვალისწინებენ. ასეთ პირებს საშუალება ექნებათ, მიიღონ დროებითი ბინადრობის ნებართვა ორი წლის ვადით და ამ პერიოდის განმავლობაში გააგრძელებენ სოციალური გარანტიებით სარგებლობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებმაც მიაღწიეს 75 წელს, თავისუფლდებიან გამოცდის ჩაბარებისგან.


