18-09-2023 21:23:43 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში საქართველოს ეროვნულმა ბაკმა კონსტიტუცია დაარღვია. მან ყურადღება გაამახვილა უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.
„როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას და როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება, იყოს ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია, უპირატესობა ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მიმართ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებებით, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციით. უცხოელს შეიძლება, შეუზღუდო საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, საქართველო მოქმედებს სხვა პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მას პირველ რიგში კონსტიტუციით ეკისრება. რაც შეეხება სანქციებს, თავისი არსით, სტრასბურგის პრაქტიკას თუ ავიღებთ, ეს სანქციები თავისი არსით არის სისხლის სამართლებრივი სანქციები. რეალურად, თავისი შინაარსით ის სანქციები, რომლებიც დაწესდა, არის სისხლის სამართლებრივი. ასეთ დროს მოქალაქეს იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი, რომელიც არის გარანტირებული. ეს ვრცელდება ოთარ ფარცხალაძეზეც, როგორც საქართველოს მოქალაქეზე. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, პირდაპირ, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ ადამიანის უფლებების ნაწილში“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება სანქცირებას, მისი თქმით, "ასეთ დროს, რა თქმა უნდა, საჭიროა მტკიცებულებების გამოქვეყნება, ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ, როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი".
„ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაშიც მტკიცებულებები არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება. როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ჟღერდება, საუბარია „ეფესბეს“ აგენტობაზე, საუბარია, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს ჭარბ გავლენას, როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, ამას უნდა მოჰყვეს წესით მტკიცებულებები. თქვენ გახსოვთ, მოსამართლეების სავიზო შეზღუდვების დაწესების დროს არავითარი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა, აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვირთულებს რეაგირებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, „დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოუწოდებს პრეზიდენტს, „საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები გაისიგრძეგანოს“.
„არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ასეთ თემებზე საუბარი და პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს მოეთხოვება მტკიცებულებები გარეშე არ ისაუბროს საქართველოს მოქალაქეზე. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება დანაშაულის დაბრალებას. ეს საქართველოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა. შეიძლება ის არ იყოს იურისტი, მაგრამ კონსტიტუციის ელემენტარულ დონეზე ცოდნა მოქალაქეობის კანდიდატებსაც კი მოეთხოვებათ, არა თუ საქართველოს პრეზიდენტს. მე ვურჩევდი ყველას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, უფრო მეტად გაისიგრძეგანონ კონსტიტუციის მოთხოვნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები 2023 წლის 14 სექტემბერს დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტი ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და საუბრობს მის კავშირებზე რუსეთის სპეცსამსახურებთან და რუსული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართულბა ბანკებმა ყოფილ მთავარ პროკურორს ანგარიშები გაუყინა სანქციების გამო.
სუსმა 15 სექტემბერს განაცხადა, რომ დაიწყო მოკვლევა ფარცხალაძის ირგვლივ, თუმცა გამოძიების დაწყების თაობაზე ამ დრომდე არაფერია ცნობილი.
იხილეთ ასევე: რა მასშტაბის პრობლემებს ავლენს ყოფილი მთავარი ბრალმდებლის დასანქცირება