Accentnews.ge
რუსეთს ზაპოროჟიეში "სადესანტო ელიტის" გახარჯვა უწევს

რუსეთს ზაპოროჟიეში "სადესანტო ელიტის" გახარჯვა უწევს

18/09/2023 12:15:24 მსოფლიო

რუსეთის გენშტაბს უწევს, ელიტარული ქვედანაყოფები ჩართოს ზაპოროჟიეს რეგიონის ფრონტზე ვითარების „გამოსწორებისთვის“, სადაც უკრაინის არმიამ რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია და 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლა ზაფხულში დაწყებული კონტრშეტევის ფარგლებში.

76-ე საჰაერო–სადესანტო დივიზიის რამდენიმე პოლკი, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, გადაიყვანეს სამხრეთ ფრონტზე – რაბოტინის რაიონში, – იტყობინება ბრიტანული დაზვერვა 18 სექტემბრის ანგარიშში. მე-7 საჰაერო–სადესანტო დივიზიის პოლკებთან ერთად, ფსკოვის მედესანტეები გაგზავნეს 58-ე კომბინირებული შეიარაღების არმიის გასაძლიერებლად, რომელსაც დაევალა თავდაცვითი ხაზის გამაგრება ფრონტის კრიტიკულ სექტორში.

როგორც განიმარტა, საუბარია ათასობით მებრძოლზე, რომელთა გამოყენებასაც ადრე რუსი გენერლები ცდილობდნენ, როგორც ძალზე მოძრავი დამრტყმელი ძალის. ჩვეულებრივ, გამაძლიერებლის რაოდენობა შეიძლება, ყოფილიყო 10 ათასამდე მედესანტე, – წერს ბრიტანული დაზვერვა და დასძენს, რომ რეალურად ყველა ეს ფორმირება არ არის დაკომპლექტებული ფართომასშტაბიანი დანაკარგების გამო.

ამ დროისთვის, საჰაერო–სადესანტო ძალების თითქმის ყველა დანაყოფი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო რუსეთის გენერალური შტაბისთვის, განლაგებულია უკრაინის სამხრეთით, – აღნიშნა ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) ორშაბათის მიმოხილვაში.

რუსეთის არმია ზაპოროჟიეს რეგიონში მკვეთრ დეფიციტს განიცდის უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისთვის მომზადებული საფორტიფიკაციო ნაგებობების მთელი პერიმეტრის დასაცავად, – აცხადებს ISW: „მრავალრიცხოვანი საჰაერო–სადესანტო დივიზიის გადასროლა შეიძლება, დაეხმაროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს თავდაცვითი ხაზების ცოცხალი ძალით გაჯერებაში, რაც აიძულებს უკრაინულ ჯარებს, ყოველ ჯერზე ახალი დამცველების წინაშე აღმოჩნდნენ“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ის ფაქტი, რომ "საჰაერო სადესანტო ელიტა" გამოიყენება თავდაცვითი ხაზის ქვეითად, სავარაუდოდ, ამ ტიპის ჯარების ხელმძღვანელობის უკმაყოფილებას იწვევს, – წერს ბრიტანული დაზვერვა. თუმცა, გენერლებს არჩევანი არ აქვთ: სამხრეთში ძალები ამოწურულია. ამერიკული შეფასებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგებმა 300 ათას ადამიანს მიაღწია, აქედან 120 ათასი დაიღუპა და 180 ათასი დაიჭრა.

აგვისტოს ბოლოს, რუსეთის უშიშროების ძალებმა შესთავაზეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება და საომარი მდგომარეობის შემოღება, – განუცხადეს Bloomberg-ს ინფორმირებულმა წყაროებმა. უკრაინასთან ომისთვის სამი მილიონი ადამიანის მობილიზების იდეა არსებობს, – განაცხადა 3 სექტემბერს სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის წევრმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეი გურულევმა. თუმცა, გურულევის თქმით, მსგავსი ინიციატივის განხორციელება ძნელად შესაძლებელია, რადგან წვევამდელებს იარაღი, აღჭურვა, საბრძოლო მასალა სჭირდებათ და ამგვარ მოთხოვნას რუსეთის სამხედრო ინდუსტრია ვერ გაუმკლავდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S