
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასთან აქცია გამართეს
18/09/2023 09:12:48 საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „სანქცირებული სასამართლო სანქცირებული პროკურატურა“, „რუსეთის ჯაშუშის მიერ მართული პროკურატურა“, „გადადგეს KGB-ს კადრი შოთაძე“, „KGB-შნიკების ოცნება“.
„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება და მისი გამოცხადება „ეფესბეს“ გავლენის აგენტად საქართველოში, ნიშნავს იმას, რომ რეალურად, ეს შეეხო თავად ბიძინა ივანიშვილს და მის ოლიგარქიულ „კლანს“, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებას. ოთარ ფარცხალაძე არის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი ბიძინა ივანიშვილის „კლანის“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
აქციის დასასრულს, მანიფესტანტებმა მსვლელობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს და იქ საკუთარი მოთხოვნები კვლავ გააჟღერეს.
ცნობისთვის: აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც, უწყების ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.