ჰუმანიტარული ტვირთი ყარაბაღში ერთდროულად ორი მარშრუტით ჩავიდა

18-09-2023 13:08:34 კავკასია

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ იტყობინება, რომ ორშაბათს დილით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სატვირთო მანქანები ჰუმანიტარული მარაგით შევიდნენ ქალაქ სტეფანაკერტში ერთდროულად ორი მარშრუტით – აზერბაიჯანიდან აღდამით, სომხეთიდან ლაჩინის დერეფნით.

სომხური მედია ადასტურებს, რომ სომხეთიდან სტეფანაკერტამდე 23 ტონა ფქვილი ჩავიდა. პარალელურად აღდამის გავლით რუსული და შვეიცარიული წარმოების სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებების მიწოდება მოხდა.

მანამდე თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება დათანხმდა ჰუმანიტარული ტვირთის სინქრონულ ტრანსპორტირებას მათ კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ერთდროულად აღდამისა და ლაჩინის გავლით და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესება იყო. მანამდე ისინი უარს ამბობდნენ აღდამის გავლით მიწოდებაზე და მოითხოვდნენ, რომ აზერბაიჯანი განებლოკა მოძრაობა ლაჩინის გავლით.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო სამხრეთ კავკასიას სტუმრობს.ბონოს პროგრამა მოიცავს ვიზიტს ერევანსა და ბაქოში, რათა გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას დაუჭიროს მხარი არსებული დაძაბულობის ფონზე.

14 სექტემბერს ბონო სომხეთში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს არმენ გრიგორიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ყარაბაღში არსებული ვითარება და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. ლუის ბონო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მიიღო.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადენელმა იური კიმმა აღნიშნა, რომ წითელი ჯვრის კოლონები ლაჩინისა [მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი გზა] და აღდამის [მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი] გზების დასაწყისში რამდენიმე კვირაა, დგანან. ბონოს ერთ-ერთი ამოცანაა, უზრუნველყოს ჰუმანიტარული ტვირთის ერთდროული მიწოდება ყარაბაღისთვის.

გასული წლიდან ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელი სამხედროების კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამავდროულად, აზერბაიჯანი უარყოფს ბრალდებებს ბლოკადის შესახებ და აცხადებს, რომ მისი მიზანია თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გადაზიდულ ტვირთებზე კონტროლის მიღწევა.

ამან მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები