
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს
18/09/2023 07:46:55 პოლიტიკა, საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცლებს.
უწყების ცნობით, გასულ ღამეს ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონი კიდევ ერთხელ დააზიანა. ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად დაზარალდა თელავის, ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა როგორც სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. ზარალის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება.
„პრემიერ- მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაურდება. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან და არცერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე.“ - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში: ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში, სულ მცირე, 30-მდე სოფელში სტიქიის შედეგებს ითვლიან.
17 სექტემბრის საღამოს მოსულმა სეტყვამ ყველაზე მეტად ყვარლის სოფლები: გრემი, ენისელი, ალმატი და საბუე დააზარალა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსავლის თითქმის 100 პროცენტი განადგურებულია. სოფელ გრემში, რომელიც ქინძმარაულის ზონად ითვლება, ათეულობით მევენახეს ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდა. ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდათ ენისელში, ალმატსა და საბუეშიც.
სტიქიამ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიც დაუზიანა. გადახდილია სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროტექნიკა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ იმუშავა, თუმცა შედეგი არ იყო.
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დააზარალა თელავისა და ლაგოდეხის სოფლებიც. დაზიანებულია ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა ერთწლიანი კულტურები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაიხოცა შინაური ფრინველი.