უკრაინის საჰაერო ძალებმა მიანიშნეს, რა ტიპის იარაღით დაესხნენ თავს "მინსკს" და "დონის როსტოვს"
15/09/2023 17:13:35 მსოფლიო
უკრაინელ სამხედროებს 13 სექტემბერს სევასტოპოლის ყურეზე დარტყმა დასავლელი პარტნიორებისგან მიღებული შორი მანძილის რაკეტების დახმარებით შეეძლოთ, –განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა.
მან აღნიშნა, რომ ბრიტანელი და ფრანგი ჟურნალისტები დაინტერესებულნი არიან, თუ რა ტიპის ფრთოსანი რაკეტებით "გაგზავნეს უკრაინელმა მფრინავებმა "მინსკი" და "დონის როსტოვი" "მოსკვას" კვალზე".
”საჰაერო ძალებს გააჩნიათ ორი ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც უზრუნველყოფილია პარტნიორების მიერ ოკუპანტთან საბრძოლველად. სუ-24M-ის მარცხენა ფრთის ქვეშ ვკიდებთ ბრიტანულ Storm Shadow–ს, მარჯვნივ – ფრანგულ Scalp–ს. ორივე რაკეტა მუშაობს იდეალურად, ოკუპანტისთვის შანსს არ ტოვებს!“ - აღნიშნა მან.
ოლეშჩუკმა დასძინა, რომ "უკრაინული ბომბდამშენების ფრთების ქვეშ არის ადგილი გერმანული Taurus–ის რაკეტისთვისაც". მან აღნიშნა, რომ მაშინ „ქალაქთა თამაში“ შეიძლება, გაგრძელდეს „კიდევ უფრო ეფექტურად“.
13 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სევასტოპოლში გემების სარემონტო ქარხანას ათი რაკეტა დაესხა, რის შედეგადაც დაზიანდა გემი "მინსკი" და წყალქვეშა ნავი "დონის როსტოვი".
უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ დაზიანდა დიდი სადესანტო გემი და რუსული წყალქვეშა ნავი და აღნიშნეს, რომ ამ გემების აღდგენა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.


