
27 სექტემბრიდან ჩინეთში ფრენები ყოველდღიურად შესრულდება
15/09/2023 13:37:40 ეკონომიკა
China Southern Airlines 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ
ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს. ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
პანდემიის დაწყებამდე ავიაკომპანია პეკინსა და თბილისს შორის ქალაქ ურუმჩის გავლით დაფრინავდა. China Southern Airlines-მა ქართულ ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლის იანვრიდან კვირაში ერთი სიხშირით განაახლა, თუმცა ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დაწყებისთანავე კვირაში სამი სიხშირით ასრულებს ფრენებს.
შეგახსნებთ, რომ ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა 2023 წლის 11 სექტემბრიდან შეუძლიათ. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. ამასთან, როგორც საქართველოს მთავრობაში აღნიშნავენ, საწყის ეტაპზე ორ ქვეყანას შორის კვირაში 7 ფრენა განხოციელდება, თუმცა სამიზნე მაჩვენებელი კვირაში 70 რეისია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, საქართველოს მხრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და ყოველდღიური საჰაერო ფრენები ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას.
„ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩინეთის უმსხვილეს ავიაკომპანია China Southern-თან მიღწეულია შეთანხმება ურუმჩიდან-თბილისის მიმართულებით სიხშირეების 3- დან 7-მდე გაზრდის შესახებ. რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ჩვენს ბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდას. ჩვენი შემდეგი ამოცანაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ფრენების არეალი ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც”, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.