
NGO-ები: 12 ევრორეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული
15/09/2023 09:32:30 საზოგადოება
არასამთავრობო სექტორის ანგარიშის მიხედვით, 12 ევრორეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული.
როგორც ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელმა ვანხო ჩხიკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიტუაცია უცვლელია და შესასრულებლად დარჩენილია ორი პრიორიტეტი: დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.
„ეს არის ბოლო, რიგით მე-6 შეფასება, რომელიც წარმოადგინა სამოქალაქო საზოგადოებამ. მოგეხსენებათ, მთელი ამ დროის განმავლობაში, იანვრიდან დღემდე ჩვენ რეგულარულად ვაკვირდებოდით, თუ როგორ სრულდებოდა 12 პრიორიტეტი, რომელიც წინაპირობაა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების. ჩვენი შეფასებით, ბოლო დასკვნის მიხედვით, ერთი პრიორიტეტი, როგორც ეს აქამდე იყო, შესრულებულად რჩება და ეს არის ECHR-ის გადაწყვეტილებების ჩვენ კანონმდებლობაში პროაქტიულად გადმოტანა. მეტ-წილად შესრულებულად ანუ ახლოს შესრულებასთან არის ორი პრიორიტეტი: გენდერული თანასწორობა და ომბუდსმენის შესახებ პრიორიტეტი. ნაწილობრივ შესრულებულად ანუ რომელიც უფრო ახლოსაა შესასრულებელთან, 7 პრიორიტეტია. ეს არის საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმა, დამოუკიდებელი სასამართლო, მედიის დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფები და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რაც შეეხება შესასრულებელს, აქ სიტუაცია უცვლელია და დარჩენილია ორი პრიორიტეტი: დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია", – განაცხადა მან.
მისი თქმით, დრო არის ძალიან ცოტა, თითოეულ წუთს და საათს მნიშვნელობა აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში ევროკომისია დადებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
ანგარიშის ავტორები არიან: “დემოკრატიის კვლევის იმსტიტუტი”, “სასამართლოს გუშაგი”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი”, “ მმართველობის მონიტორინგის ცენტრი”, საქართველოს რეფორმების ასოციაცია”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და “საფარი”.