ბელარუსმა აფხაზეთი "ეკონომიკურად აღიარა"?

15-09-2023 13:01:15 კონფლიქტები

სოხუმის მტკიცებით, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან "დაუბეგრავი ვაჭრობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო". ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. ბელარუსის მხრიდან მის სიტყვებს დადასტურება ჯერ არ მოჰყოლია.

"დე-ფაქტო ეს ჩვენთვის ეკონომიკურ აღარებას ნიშნავს. იმაზე, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ბელარუსთან ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების ტრაექტორია იქნება დამოკიდებული", – განაცხადა არძინბამ აფხაზეთის რაიონებში ადგილობრივი ადმინისტრაციების აქტივებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ.

ამასთან, მისივე მტკიცებით, არსებობს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან "ორმხრივი სავაჭრო საბჭოს" ჩამოყალიბების გეგმაც.

ცნობისთვის: 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ განმარტა, რატომ არ აღიარებდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, განაცხადა რა, რომ დასავლეთი ასეთ შემთხვევაში დამატებითი სანქციების დაწესებით ემუქრებოდა, მოსკოვმა კი მოსალოდნელი ეკონომიკური დანაკარგების კომპენსირებაზე უარი უთხრა.

თუმცა 2022 წლის 28 სექტემბერს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას შეხვდა "სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების საკითხებზე სასაუბროდ". ამ ვიზიტამდე იგი სოჭში რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მართავდა მოლაპარაკებებს.

2023 წლის თებერვალს კი ლუკაშენკომ ბჟანია მინსკში მიიღო და მასთან შხვედრაზე "თბილისის, სოხუმისა და მინსკის რაღაცნაირად შეწებების" ინიციატივით გამოვიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები