უკრაინა რუსულ „სერგეი კოტოვზე" თავდასხმას ადასტურებს (ვიდეო)
15/09/2023 06:15:35 მსოფლიო
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემებიდან, რომლებზეც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14 სექტემბერს იერიში მიიტანეს, ერთი „სერგეი კოტოვია“, – იუწყება გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, წყარომ დაადასტურა, რომ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ მიხაილო ფიოდოროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ვიდეო „სერგეი კოტოვზე“ შეტევას ასახავს.
ფიოდოროვმა ვიდეო 14 სექტემბრის ღამით გაავრცელა და დაწერა, რომ "მუშაობს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო, მუშაობენ დონორები და უკრაინული ტექნოლოგიები".
14 სექტემბერს, ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა დააზიანეს რუსეთის ორი საპატრულო გემი. სტრატკომის ინფორმაციით, შეტევა შავი ზღვის აკვატორიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განხორციელდა რუსეთის ფლოტის პროექტ 22160-ის გემებზე. ამ პროექტის საპატრულო გემებია: „ვასილი ბიკოვი“, „სერგეი კოტოვი“, „პაველ დერჟავინი“ და „დმიტრი როგაჩოვი“.


