ოპოზიცია – ფარცხალაძის დასანქცირებაზე: "ეს არის გაფრთხილება ყველასთვის, ვინც საქართველოს ინტერესებს ძირს უთხრის"
14/09/2023 17:13:57 მსოფლიო
ოპოზიცია აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციბის დაწესების ფაქტს ეხმიანება.
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ფარცხალაძის სანქცირება არის "ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს"..
„ეს სანქციები სცდება მხოლოდ ფარცხალაძის პიროვნებას, რომელიც თავისთავად არის ივანიშვილის ერთ-ერთი გამოჩენილი კრიმინალი, მაფიოზი, მფარველი, რუსეთის და საქართველოს მოქალაქეობის ერთდროულად მქონე. ეს სანქციები არის მთლიანად „ქართული ოცნების“ მხილება საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული სპეცოპერაციის ჩატარებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს; რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს ამ სისხლიან ომში და რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის უშუალო მფარველობის ქვეშ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ "საქართველოს ყველა მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს".
“2022 წლის მაისში, მას შემდეგ, როცა უკვე გამოკვეთილი იყო ივანიშვილისა და მისი კრიმინალური, რუსული პარტიის პუტინისტური მისწრაფებები, ვთქვით და დავიწყეთ მუშაობა ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინს ეხმარებიან ომში და რუსულ ეკონომიკაში ასხამენ მილიარდებს. ივანიშვილის გარემოცვაში გამოვკვეთეთ, თავად პუტინის ხელდასმული ბორენკა და კიდევ 5 ოლიგარქი. მალევე უკრაინამ, ზელენსკიმ ყველა ეს პირი დაასანქცირა. მას შემდეგ, წელიწადზე მეტი გავიდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ 6 - დან ერთი, ბოტასების ქურდი, ივანიშვილის რჩეული პროკურორი დაასანქცირა. ცხადია, გაგრძელება იქნება და ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მახსოვს, 2022 წლის მაისში გაკვირვებით და ცოტათი ირონიულად კითხულობდნენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები : მართლა გგონიათ, რომ დაასანქცირებენ თქვენს მიერ დასახელებულ პირებს ? დიახ, დიახ ასე იქნება და არის! სია გრძელია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყველა მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს, ბიძინა ხედავ ? გიახლოვდებიან”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
როგორც აშშ–ის სახელმწიფო დეპრატმენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, "ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის". მასში, აღნიშნულია, რომ იგი ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE- სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში 50%–იან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად.
"ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია. ონიშჩენკომ და უშიშროების ფედერალური სამსახურმა გამოიყენეს ფარცხალაძე ერთგვარ ბერკეტად, საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზეგავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირიდან "ეფესბესთან", – ნათქვამია დოკუმენტში.
2017 წლის ნოემბრიდან-დეკემბრამდე პერიოდში ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო.
2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. მთავარი აუდიტორი ყოფილი მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ თავდასხმა უკავშირდებოდა მის სამსახურეობრივ მდგომარეობას. 2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორი გაამართლა.


