
ომბუდსმენმა ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მიერ მიწოდებული სერვისის შეწყვეტის საკითხის შესწავლა დაიწყო
14/09/2023 13:00:06 საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მუშაობის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსში იყო განთავსებული.
სახალხო დამცველი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სერვისის მიმწოდებლებს და ყველა პასუხისმგებელ პირს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციართა, მათ კანონიერ წარმომადგენელთა და მომსახურების განმახორციელებელ თერაპევტთა დროული და სრულყოფილი ინფორმირება, როგორც მომსახურების შეწყვეტის მიზეზების, ისე, შესაბამისი ალტერნატივების თაობაზე. ამასთან, უზრუნველყონ პროცესის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების კანონიერ წარმომადგენელთა არსებითი მონაწილეობა.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს შშმ ბავშვთა ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაციის აუცილებლობას მათი უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის პროცესში.
"ამგვარი სერვისების უწყვეტობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შესაბამისი საჭიროების მქონე არასრულწლოვანებისთვის და მათი შეწყვეტა ქმნის რეაბილიტაციის შედეგად მიღწეული შედეგების დაკარგვის საფრთხეს.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მომზადებულ ანგარიშებში მკაფიოდ მიუთითებდა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მომსახურებების სიმცირესა და სერვისცენტრების გადატვირთულობაზე. შესაბამისად, პასუხისმგებელ უწყებებს სერვისების გაფართოებისა და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მომსახურებაში ჩართული 100-ზე მეტი ბენეფიციარის სათანადო ალტერნატიული სივრცის შეთავაზების, მომსახურების უწყვეტად გაგრძელების პროცესს, სახელმწიფომ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მიმართოს ამ საკითხის გადაუდებლად მოგვარებისკენ", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით უკვე დაიწყო ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მიერ მიწოდებული სერვისის შეწყვეტის საკითხის შესწავლა და მანდატის ფარგლებში განახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას.