WMO: ლიბიაში დაღუპულთა დიდი ნაწილის გადარჩენა შესაძლებელი იყო
14/09/2023 12:38:36 მსოფლიო
ლიბიაში უზარმაზარი მსხვერპლის პრევენცია შესაძლებელი იყო ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების მეშვეობით,– ეს აზრი გამოთქვა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გენერალურმა მდივანმა პეტერი ტაალასმა, გაეროს ჟენევის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კლიმატის ცვლილების შესახებ მოხსენებით წარდგენისას.
გენერალური მდივნის თქმით, წყალდიდობა ეკონომიკურ კომპონენტსაც შეეხო.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია სრულად ავიცილოთ თავიდან ეკონომიკური ზარალი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი მინიმუმამდე შემცირება შესაბამისი სერვისების მიწოდებით (ადრეული გაფრთხილების სისტემებით)“, - თქვა ტაალასმა.
ციკლონმა "დანიელმა", რომელიც ლიბიას 10 სექტემბერს დაატყდა თავს, წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც კაშხლები გაარღვია, შენობები დაანგრია და რამდენიმე ქალაქში უბნები წალეკა. ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი განადგურებულია.
დერნაში მაშველები ცხედრებისთვის სპეციალურ ტომრებს ითხოვენ.
„ვშიშობ, რომ ქალაქი დაინფიცირდება ეპიდემიით ნანგრევებში და წყალში დიდი რაოდენობის ცხედრების არსებობის გამო“, - განაცხადა დერნას მერმა აბდულმენამ ალ-გაითიმ.
მანამდე, აღმოსავლეთ ლიბიის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ზღვიდან მუდმივად ირიყება ათობით ცხედარი.
„ცხედრები ყველგანაა – სახლებში, ქუჩებში, ზღვაში. სადაც არ უნდა წახვიდეთ, იპოვით გარდაცვლილ მამაკაცებს, ქალებს და ბავშვებს,“ - განაცხადა ბენღაზის ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის თანამშრომელმა მედიასთან.
დერნას მაცხოვრებლები ახალი საველე საავადმყოფოს გახსნას ითხოვენ, რადგან ქალაქში არსებული ორი საავადმყოფო მორგებადაა ქცეული.
დერნას მერი აცხადებს, რომ ქალაქში დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა, 20 000-ს მიაღწიოს.
ლიბიაში დახმარება და სამაშველო ჯგუფები 12-მა ქვეყანამ გაგზავნა.


