აშშ: უყოყმანოდ დავაწესებთ დამატებით სანქციებს რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ, თუ ისინი იარაღით ვაჭრობის სფეროში ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებენ
14/09/2023 11:54:23 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთი კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობამ შესაძლოა, გაეროს უშიშროების საბჭოს მთელი რიგი რეზოლუციების დარღვევა გამოიწვიოს.
"ბაიდენის ადმინისტრაცია უყოყმანოდ შემოიღებს დამატებით სანქციებს რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის მიმართ, თუ ისინი იარაღით ვაჭრობის სფეროში ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებენ", – განაცხადა მილერმა.
ამის შესახებ მილერმა ისაუბრა ბრიფინგზე, როცა უპასუხა შეკითხვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთი კორეის მმართველის კიმ ჩენ ინის შეხვედრის შესახებ.
„უკვე მივმართეთ ზომებს იმ ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებმაც ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის იარაღის ვაჭრობაში იშუამდგომლეს და თუ ეს საჭირო გახდება, უყოყმანოდ დავაწესებთ დამატებით სანქციებს", – განაცხადა მან.
მანამდე, The New York Times-ი იტყობინებოდა, რომ ამ შეხვედრის დროს შეიძლებოდა, განეხილათ რუსეთისთვის ჩრდილოეთკორეული წარმოების იარაღის მიწოდების თემა. "თავის მხრივ, ფხენიანი დაინტერესებულია რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური ტექნოლოგიით", – წერდა გაზეთი.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა13 სექტემბერს რუსეთის „ვოსტოჩნის“ კოსმოდრომზე გაიმართა. მოლაპარაკების მოკლე ღია ნაწილის დროს კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეას სურს ურთიერთობების განვითარება, რადგან ის ყოველთვის მხარს უჭერდა „პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას“. მოლაპარაკების დახურულ ნაწილს, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაესწრო. "ამის შემდეგ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა პირისპირ ისაუბრეს", – იუწყება კრემლის პრესსამსახური.
მოლაპარაკებების დაწყებამდე, შეკითხვას, განიხილებოდა თუ არა მოლაპარაკებაზე ფხენიანთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, პუტინმა თქვა: ”ჩვენ ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, ნელ-ნელა, დრო არის".
ჩრდილოეთ კორეა მკაცრი საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, მათ შორის სარაკეტო ტექნოლოგიის სფეროში. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო და მათ მხარი რუსეთმაც დაუჭირა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კიმთან პუტინის მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი უარს იტყვიან ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო სანქციებზე. ამასთან, მოგვიანებით პუტინმა განმარტა, რომ მოსკოვი იზიარებს გაეროს მიერ დაწესებულ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობის სფეროში არსებულ შეზღუდვებს. პუტინისა და კიმის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად გადაწყვეტილებები არ გამოცხადებულა და ერთობლივი დოკუმენტები არ გაფორმებულა.


