"უნიკალური ოპერაცია": უკრაინის სარდლობამ ევპატორიასთან რუსული სარაკეტო სისტემის განადგურება დაადასტურა
14/09/2023 11:20:34 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურმა დაადასტურა ევპატორიასთან რუსული სარაკეტო სისტემის განადგურება.
„დილას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს მტრის მიწა-ჰაერის სარაკეტო სისტემების განთავსების ადგილზე დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ევპატორიასთან ახლოს“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
უკრაინის სამხედრო უწყება დეტალებს არ ასაჯაროებს.
მანამდე უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურისა და საზღვაო ძალების სპეციალური კონტრდაზვერვითი ოპერაციის დროს ევპატორიის მახლობლად განადგურდა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა "ტრიუმფი". სპეცოპერაციას უნიკალური უწოდეს.
კომპლექსის ღირებულებამ შესაძლოა 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
პირველად სპეცსამსახურების დრონებმა დაარტყეს რადარებსა და ანტენებს და მას შემდეგ, რაც სარადარო სადგურები გაითიშა, საზღვაო ძალებმა კომპლექსს უკრაინული "ნეპტუნის" ორი ფრთოსანი რაკეტა ესროლეს.
14 სექტემბრის დილიდან ევპატორიის მცხოვრებლებმა განაცხადეს ძლიერი აფეთქებების შესახებ. გარდა ამისა, 5:13 საათიდან რუსეთის ხელისუფლებამ კვლავ გადაკეტა მოძრაობა ქერჩის ხიდზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ყირიმის თავზე 11 დრონი ჩამოაგდო, თუმცა დამოუკიდებელი წყაროებით ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.


