უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ორი გემი დაკარგა
14/09/2023 07:24:13 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 სექტემბერს გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსეთის დანაკარგების შესახებ.
ამ მონაცემების მიხედვით, რუსეთის დანაკარგებს დაემატა 1 გემი და 1 წყალქვეშა ნავი.
მათი სახელწოდება და შეტევის ადგილი მითითებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, იგულისხმება სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანაზე მიტანილი იერიში.
კერძოდ, 13 სექტემბერს სარაკეტო შეტევა იყო ანექსირებულ ქალაქ სევასტოპოლზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც გემებს არემონტებენ. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 7 რაკეტა ჩამოაგდეს, დანარჩენი რაკეტების დარტყმის შედეგად კი დაზიანდა ქარხანაში სარემონტოდ მყოფი 2 გემი.
13 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაზვერვის მონაცემებით, სევასტოპოლში დაზიანებულია რუსეთის სამხედრო გემი და წყალქვეშა ნავი.
ატელიტური ფოტოების მიხედვით, შეტევის დროს ქარხანაში დიდ სადესანტო გემ „მინსკს“ და წყალქვეშა ნავ „დონის როსტოვს“ არემონტებდნენ.


