Accentnews.ge
ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭაში ტყის გადაცემის პროცესი შეუჩერეს

ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭაში ტყის გადაცემის პროცესი შეუჩერეს

13/09/2023 18:31:23 საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” შეუჩერეს ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი. როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა, „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიაზე ფიქსირდება.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კომპანიას სამინისტროში საჭირო დოკუმენტაცია არ წარუდგენია

„გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით (N38/ს, 23 მარტი, 2022წ) განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობების თანახმად, არსებულ ტერიტორიაზე შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, „ზურმუხტის ქსელის" ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში. შესაბამისი პუნქტი განისაზღვრა მთავრობის განკარგულებაშიც („საქმიანობის დაწყებამდე სამინისტროში შეთანხმებისთვის წარმოადგინოს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე (რომელთაც ემთხვევა სამონადირეო მეურნეობისათვის მოთხოვნილი ფართობი) ზემოქმედების ანგარიში“).

კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც „ზურმუხტის ქსელის" ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში", - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ კომპანიის მიმართ დაწყებული წარმოება შეწყვიტა და საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. იმის გამო, რომ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, დეპარტამენტმა ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეაჩერა.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოშია გადაიგზავნა.

ამბროლაურის სასამართლომ, 2023 წლის 24 ივლისს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა"-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივლისს გაასაჩივრა, დღეს არსებული მდგომარეობით სააპელაციო სასამართლოს დადგენილება წარმოდგენილი არ არის.

მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია", - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

ცნობისთვის: სახელმწიფომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სარგებლობაში 1 151 832 ლარად გადასცა. ბიზნესმენის კომპანია ამჟამად მთლიანი რაჭის ფართობის (2,893 კვ. კმ.) ერთ მესამედზე მეტს განკარგავს და ამ მხრივ ქვეყანაში უმსხვილესი ლიცენზიანტია. სალიცენზიო პირობების თანახმად, ადგილზე სამოდანირეო მეურნეობა უნდა განვითარდეს.

ამავე თემაზე: TI – დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგა. TI ასახელებს რამდენიმე გარემოებასაც, რომელიც, მისი ცნობით, "მიუთითებს, რომ ხიდაშელი რიგითი ბიზნესმენი არაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S