რუმინეთში სავარაუდოდ, რუსული დრონის ახალი ფრაგმენტები აღმოაჩინეს
13/09/2023 14:26:16 მსოფლიო
რუმინეთში, უკრაინის საზღვრიდან 14 კმ-ში დრონის ახალი ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ტერიტორია, სადაც ნამსხვრევები იპოვეს, იზმაილის პორტიდან 20 კმ-ის მანძილზეა.
პროცედურების მიხედვით, წინასწარი საველე კვლევებისა და ნიმუშების შეფასებისთვის ადგილზე საჰაერო ძალების ვერტმფრენი გაგზავნეს.
"თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს უკრაინის პორტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ეს თავდასხმები გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს", - ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ეს NATO–ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების აღმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. 9 სექტემბერს რუმინელმა სამხედროებმა უკრაინის საზღვართან, სოფელ პლაურუსთან სავარაუდოდ, რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. 6 სექტემბერს რუმინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსული დრონის ნაწილები მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
7 სექტემბერს NATO–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დრონის ნამსხვრევები მოსკოვის მიერ ბუქარესტზე განზრახ თავდასხმის შედეგი არ არის.


