ზახაროვა: რუსეთმა აზერბაიჯანს დემარში გამოუცხადა
13/09/2023 08:55:40 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნების მიმართ აზერბაიჯანის უარყოფითი პოზიცია გააპროტესტა.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების ცნობით, ვლადივოსტოკში, „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ აზერბაიჯანს დიპლომატიური დემარში გამოუცხადეს, "რადგან ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ახალ რეგიონებში ჩატარებული არჩევნების შესახებ, ორი ქვეყნის სამოკავშირეო ურთიერთობებს არ შეესაბამება".
"ბაქო რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს უნდა ეპყრობოდეს ისეთივე პატივისცემით, როგორსაც რუსეთისგან ელოდება, როცა საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე", განაცხდა ზახაროვამ.
8-10 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები გამართა.
"აზერბაიჯანი და უკრაინა მხარს უჭერენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ბაქო ლეგიტიმურად მიიჩნევს უკრაინის კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებულ არჩევნებს და ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებული პრინციპული პოზიციაა, ამიტომ, ნებისმიერ არჩევნებს, რომელიც ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამება, იურიდიული ძალა არ აქვს", – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მირ გავრცელებულ 9 სექტემბერს განცხადებაში.


