უკრაინა: რუსეთმა ოდესის და სუმის ოლქებზე წუხანდელი შეტევისას 44 დრონი გამოიყენა, მათგან 32 გავანადგურეთ
13/09/2023 06:32:29 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, გასულ ღამით ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის სამიზნე მდინარე დუნაიზე მდებარე საპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.
სამხრეთის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 32 დრონი ჩამოაგდეს. ამასთან, რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა საპორტო ობიექტებამდე მიაღწია. დაზიანებულია შენობები, ხანძარი გაჩნდა სატვირთო ავტომანქანების სადგომზე. დაშავდა 7 მძღოლი.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 44 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს ოდესის და სუმის ოლქებს. მისი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 44-დან 32 დრონი გაანადგურეს.


