ანექსირებულ სევასტოპოლში სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანა იწვის
13/09/2023 06:05:11 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერ არის ანექსირებული, რამდენიმე აფეთქება მოხდა.
„არასამოქალაქო ობიექტზე ხანძარია, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, მტრის სარაკეტო შეტევამ გამოიწვია", – წერს სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი სოციალურ ქსელში.
ე.წ. გუბერნატორი ირწმუნება, რომ "საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა".
მოგვიანებით, რაზვოჟაევმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ცნობა, რომლის თანახმად, "ხანძარია „სევმორზავოდის" (სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა) ტერიტორიაზე, სადაც 24 ადამიანი დაშავდა.
მისი თქმით, "ხანძარს მინიჭებული აქვს მე-4 კლასი". ეს ნიშნავს, რომ ვითარება საკმაოდ რთულია.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა სავარაუდოდ, ამ ქარხნის რაიონში მომხდარი აფეთქების ამსახველი კადრები.
სევასტოპოლის საზღვაო ქარხანაში, რომელიც დღესაც სერგო ორჯონიკიძის სახელობისაა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს აშენებენ და არემონტებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სევასტოპოლზე სარაკეტო შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ინფორმაცია არც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გაუვრცელებია.
ანექსირებულ სევასტოპოლზე ბოლო თვეებში უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა განხორციელდა.


