
ომბუდსმენი: ამ დროისთვის ქუთაისის და ბათუმის ციხეებში არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება
12/09/2023 17:32:19 საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველი წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში, თითოეული საქმე გადაამოწმოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები ამ ორ დაწესებულებაში პატიმრების მიერ თვითდაზიანების მიყენების შესახებ.
მანამდე ნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი 68 წლის დავით მიქელაძე, ქუთაისში #2 -ე პენიტენციურ დაწესებულებაში 11 სექტემბრის დილით გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის ახლობლის განმარტებით, მიქელაძეს გული და მაღალი არტერიული წნევა აწუხებდა. ხშირად გადაჰყავდათ სამედიცინო დაწესებულებაში. მორიგი შეტევის დროს კი პატიმარი პენიტენიციურ დაწესებულებაში გარდაიცვალა.
დავით მიქელაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 6 ივლისს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
„ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.