
თბილისში უკრაინის გმირის მაციევსკის ძეგლი დადგეს
12/09/2023 16:34:10 საზოგადოება
უკრაინის გმირის ალექსანდრე მაციევსკის ძეგლი, რომელიც რუსმა სამხედროებმა „დიდება უკრაინას!“ წარმოთქმის შემდეგ მოკლეს, თმის გადანერგვის ინსტიტუტის კერძო ტერიტორიაზე დადგეს. ინფორმაცია „ეხო კავკაზას" კლინიკის დამფუძნებელმა, ექიმმა აკაკი წილოსანმა დაუდასტურა.
ძეგლის დადგმა წილოსანის პირადი ინიციატივაა. სკულპტურის ავტორი ირაკლი დეკანოზიშვილია.
ამ წლის მარტში სოციალურ ქსელებში რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეო გამოჩნდა. უკრაინამ მომხდარს ომის დანაშაული უწოდა და საერთაშორისო დონეზე გამოძიების მოწოდებით გამოვიდა.
მაციევსკი იყო ჩერნიგოვის რაიონის 119-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 163-ე ბატალიონის სნაიპერი. 2022 წლის დეკემბრის ბოლოდან კიევი მას დაკარგულად მიიჩნევდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მას 30 დეკემბერს ესროლეს. მიმდინარე წლის თებერვალში მისი ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს.